English / ქართული / русский /
ფატი შენგელია
მწვანე ეკონომიკა და სიღარიბე

მწვანე ეკონომიკურმა კონცეფციამ  საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო 2012 წლის გაეროს კონფერენციის - მდგრადი განვითარება (რიო +20)-ის  შემდეგ.  კონფერენცია ეძღვნებოდა  გლობალურ გარემოსდაცვით და ეკონომიკურ საკითხებსა  და გამოწვევებს, რომელიც   ჩვენს პლანეტაზე ბიომრავალფეროვნების დაკარგვით, ნიადაგის დეგრადაციით და ბუნებრივი რესურსების სიმწირით არის  გამოწვეული. ბოლო პერიოდში გახშირდა და გამრავლდა გარემოს დაბინძურებით გამოწვეულ დაავადებათა რაოდენობა. არსებულმა ეკონომიკის განვითარებამ კაცობრიობისა და ჩვენი პლანეტის ურთიერთდამოკიდებულება კრიზისამდე მიიყვანა, ქალაქები სმოგში - სამრეწველო ობიექტების და   სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვებშია გახვეული.  ეკონომიკის განვითარების არსებულმა მოდელმა ვერ უზრუნველყო ადამიანებისთვის ჯანსაღი გარემო პირობებისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტის შექმნა. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) განსაზღვრავს მწვანე ეკონომიკას, როგორც ადამიანის კეთილდღეობის და სოციალური  სამართლიანობის გაუმჯობესების ხელშემწყობ საშუალებას. დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში  ეკონომისტების ნაწილი გამოსავალს სწორედ ეკონომიკის გამწვანებაზე ამყარებს, მაგრამ თუ კომპლექსურად არ იქნება განხილული  პოლიტიკური, სოციალური და კულტურული დაბრკოლებები, რომელიც ეკონომიკის განვითარების პროცესში შეიძლება წარმოიშვას, გრძელვადიან პერსპექტივაში მწვანე ეკონომიკის განვითარების სტრატეგია ვერ მიაღწევს მიზანს და ვერ აღმოფხვრის სიღარიბეს და ვერ განახორციელებს გარემოსდაცვით ღონისძიებებს.

მწვანე ეკონომიკა მნიშვნელოვნად ამცირებს გარემო რისკებს და ეკონომიკურ დანაკარგებს. მწვანე ეკონომიკა ეკონომიკური განვითარების ის მოდელია,  რომელიც მდგრად განვითარებასა და  ეკოლოგიის გაჯანსაღებაზეა დაფუძნებული. ის ეკონომიკის სხვა დარგებისგან განსხვავებით,  პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს, რომელსაც ეკონომიკური ღირებულება გააჩნია. მწვანე ეკონომიკა ქმნის მწვანე სამუშაო ადგილებს. უზრუნველყოფს რეალურ მდგრად ეკონომიკურ განვითარებას  და  ამცირებს გარემოს დაბინძურებას, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ დანაკარგებს, გარემოს დეგრადაციას, რესურსების  გამოლევის საშიშროებას. ის სტიმულს აძლევს ბიზნესს, აწარმოოს მწვანე პროდუქტი და მომსახურება. მწვანე ეკონომიკას ერთმანეთისაგან გამიჯნული არ აქვს  სახელმწიფო და კერძო ბიზნესი, ის ცდილობს იპოვოს ეკონომიკური გადაწყვეტილების დადებითი და შედეგიანი ალტერნატივა. მწვანე ეკონომიკის მთავარი რეგულატორი  საზოგადოებაა, ის თავად ირჩევს და მართავს მას.[1]

  მწვანე ეკონომიკა მჭიდრო კავშირშია ეკოლოგიურ  ეკონომიკასთან, ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიღწევას. შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებით  აერთიანებს გარემოსდაცვით, სოციალურ  და ეკონომიკურ საკითხებს.

    საქართველოს ეკონომიკის, განსაკუთრებით მისი სამრეწველო სექტორის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის ბუნებრივი რესურსების და მისი ეკოსისტემის გამოყენებაზე. ატმოსფერულ ჰაერში ემისიები, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების და ნიადაგის დაბინძურება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც სამრეწველო და სამთო წარმოება არის განვითარებული. საქართველოს ეკონომიკა გამოირჩევა ენერგიის და რესურსების  გამოყენების  ძალიან მაღალი ინტენსივობით  - ეს მაჩვენებლები საქართველოში 2  -2,5 -ჯერ აღემატება დასავლეთის ქვეყნების მაჩვენებლებს.

     მწვანე ეკონომიკის მიზნები და სტრატეგია ითვალისწინებს რესურსების ეფექტურობის ზრდას, მწვანე  ინვესტიციებს, ენერგოეფექტური დარგების განვითარებას, ის ემყარება ახალ  მწვანე ტექნოლოგიებს, საზოგადოების მხარდაჭერას, მეცნიერული კვლევების შედეგებს, რომელიც მიმართულია მწვანე სამუშაო ადგილების შექმნის, ნაკლები ნახშირბადის ეკონომიკის ჩამოყალიბების, სიღარიბის აღმოფხვრის  და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გააქტიურებაზე.[2]

      მსოფლიოში ჩატარებული ყველა კვლევის  მიხედვით, ეკონომიკის ზრდა არის აუცილებელი და სასურველი ქვეყნის განვითარებისთვის და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისთვის, გასათვალისწინებელია მწვანე ეკონომიკის პოტენციალი და დაბრკოლებები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ მიმდევრობის მოწინააღმდეგეთა მხრიდან, რადგან  მათ მტკიცედ სწამთ არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების საქმიანობის სისწორე.

  მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა  არსებითად ცვლის მიდგომებს ეკონომიკური განვითარებისადმი, ექსპერტთა გათვლით, ზრდის ტემპი ახლო მომავალში არნახულ ნიშნულს მიაღწევს. ფუნდამენტურად შეიცვლება ძველი ურთიერთობები, მიმდინარე ,,ყავისფერი’ ეკონომიკის ნაცვლად განვითარდება ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით  ,,მწვანე’’ დარგები. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ბუნებრივი კაპიტალის შექმნა ან გაზრდა, საუბარია ტყის მასივებზე, თევზჭერაზე, წყალზე, ნიადაგზე, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  სიღარიბის დაძლევას, ვინაიდან აღნიშნული ,,მწვანე ‘’ ინვესტიციები მოითხოვს ახალ ტექნოლოგიებს და ახალ სამუშაო ადგილებს.

  მწვანე ეკონომიკის თეორია სამ ძირითად აქსიომას ემყარება:

  1.  შეუძლებელია გავლენის სფეროების უსაზღვრო გაფართოება შეზღუდულ სივრცეში;
  2. შეუძლებელია მუდმივად მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება განსაზღვრული რაოდენობის რესურსების არსებობის პირობებში;
  3. ყველაფერი, რაც დედამიწის ზედაპირზე არსებობს, მჭიდრო ურთიერთკავშირშია.

   მწვანე ეკონომიკა ახალი პოტენციალია თანამედროვე მსოფლიოსთვის სიღარიბის დაძლევის და ეკოლოგიური მოდერნიზაციისა და რესურსების მართვის თვალსაზრისით. მწვანე  ეკონომიკის პრინციპებია:

  ● სამართლიანობა და ობიექტურობა როგორც ერთი თაობის, ისე თაობათა შორის;

 ● მდგრადი განვითარების პრინციპებთან თანხვედრა;

 ● პრევენციული მიდგომა სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების

     მიმართ;

 ● ბუნებრივი და სოციალური კაპიტალის შეფასება;

 ● რესურსების მდგრადი და ეფექტური გამოყენება, მოხმარება და წარმოება;

 ●მწვანე სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის აღმოფხვრა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება  და ზრდა.

   ექსპერტთა აზრით, მწვანე ეკონომიკა ექვს მთავარ სექტორს მოიცავს. ესენია:

  1. განახლებადი ენერგია (მზის, ქარის, ზღვის, მათ შორის - ტალღებისა და მიქცევა-მოქცევის, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია);
  2. მწვანე შენობები  (ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე პროდუქტები და მასალები);
  3.  სუფთა ტრანსპორტი (ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰიბრიდული და ელექტროსატრანსპორტო საშუალებები);
  4. წყლის მენეჯმენტი (წყლისა და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის ლანდშაფტი, წყლის გამოყენება);
  5. ნარჩენების მენეჯმენტი (ნარჩენების მართვა, უტილიზაცია, მუნიციპალური ნარჩენი მასალების გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, გაწმენდა);
  6. მიწის მენეჯმენტი (ორგანული სოფლის მეურნეობა, ურბანული ტყეები და პარკები, ტყეების განაშენიანება).

  გარემოსდაცვითი პრობლემები თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. განვითარებადი  ქვეყნები - ინდოეთი, ნეპალი, ტუნისი, ჩინეთი, უგანდა და კუბა მწვანე ეკონომიკის განვითარების წარმატებულ მაგალითებს გვიჩვენებს. გავეცნოთ ამ ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებს.

● ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურა ინდოეთში. ურბანული განვითარების სამინისტრო  იქ ახორციელებს სპეციალურ პროგრამას, რომელიც გამიზნულია ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურის შექმნასა და გაუმჯობესებაზე;

●ტყეების მართვა ნეპალში. ნეპალის ტერიტორიის დაახლოებით 40% ტყეებს უკავია. ქვეყანაში შექმნილია სატყეო მეურნეობის სპეციალური ჯგუფი, რომელიც მართავს და თვალყურს ადევნებს სატყეო რესურსებს.

მზის ენერგია ტუნისში. გაზისა და ნავთობის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შესამცირებლად ტუნისის მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით. შეიქმნა ენერგიის მართვის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარ მიზანს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების შემუშავება და ეფექტურობის ზრდა წარმოადგენს.

● განახლებადი ენერგია ჩინეთში. ჩინეთში წარმატებით ხორციელდება განახლებადი ენერგიის წყაროების მოძიება. ჩინეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ 2020 წლისთვის ძირითადი ენერგიის დაახლოებით 16%-ს განახლებადი წყაროებიდან აწარმოებს.

● ორგანული სოფლის მეურნეობა უგანდასა და კუბაში. უგანდაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სოფლის მეურნეობის წარმოების ორგანული ფერმერული მეურნეობით ჩასანაცვლებლად. აღნიშნული ცვლილება მომგებიანია როგორც ქვეყნისთვის, ისე საზოგადოებისა და  გარემოსთვისაც. ორგანული სოფლის მეურნეობა მართვის ისეთი სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს და ზრდის  ეკოსისტემის სიჯანსაღეს, რაც მოიცავს ბიომრავალფეროვნებას, ბიოციკლებსა და ბიოლოგიურ აქტივობას. არ იყენებს სინთეტიკურ მასალებს: შხამქიმიკატებს, პესტიციდებს და სასუქებს. აღსანიშნავია, რომ უგანდა მსოფლიოში ყველაზე ნაკლებ სასუქს მოიხმარს.

         ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის არსებული ემბარგოს შედეგად კუბაში ნავთობის, პესტიციდების და სასუქების ნაკლებობაა, ამიტომ მეურნეობები თავად ზრუნავენ საკუთარ პროდუქციაზე და ბევრად უფრო ,,მწვანე’’მეურნეობას ეწევიან.
   პერსპექტივაში მწვანე ეკონომიკის განვითარება უალტერნატივოა, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აქტიურად ერთვება ამ პროცესში, რადგან მწვანე ეკონომიკა 21-ე საუკუნის ბიზნესშესაძლებლობაა. 2009 წელს მარტო კვლევისა და განვითარებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი ევროკავშირმა 300%-ით გაზარდა. ჩინეთმა 2010 წელს 34 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა სუფთა ენერგიის დასაფინანსებლად. შესაბამისად, გაუსწრო აშშ-ს და მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა განახლებად ენერგოტექნოლოგიურ დარგებში დაბანდებული ინვესტიციების მოცულობით. ხუთეულში შედიან: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და ბრაზილია, როგორც არსებული ტენდენციები გვიჩვენებს, მწვანე ეკონომიკის დანერგვა აქტიურ ფაზაშია გადასული. კაცობრიობამ გააცნობიერა, რომ ბუნებრივი რესურსების მოცულობა მცირდება, მსოფლიოს მოსახლეობა კი მუდმივად იზრდება და ხსნა მხოლოდ მწვანე ეკონომიკის განვითარებაშია, ამიტომ დღეს ეს საკითხი ისე აქტუალურია, როგორც არასდროს.

        ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობის დონემ საქართველოში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს - 16,9%-ს მიაღწია 2009 წელს, 2018 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 12,7% -ზე დაფიქსირდა, რეალურად, სამუშაო ძალის დაახლოებით ორი მესამედი თვითდასაქმებულია. ყველაზე მეტი თვითდასაქმებული სოფლის მეურნეობაშია. მათი უმრავლესობა აწარმოებს პროდუქტს საკუთარი მოხმარებისთვის. საბოლოოდ ქვეყანაში უმუშევრებისა და თვითდასაქმებულების რაოდენობა შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 70 %-ია[3].

    ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა ვერ უზრუნველყო სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება. ბოლო ათწლეულში სიღარიბის მაჩვენებლები თითქმის არ შეცვლილა. ამასთანავე, საქართველო   რეგიონში უთანასწორობის მაჩვენებლის მიხედვით ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა.

საინტერესოა რა მდგომარეობაა საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიდგომა დროული და იმედის მომცემია როგორც საკანონმდებლო, ისე სამთავრობო დონეზე. ჩვენი ქვეყანა თავისი ბუნებრივი და ინტელექტუალური პოტენციალით ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება, თუ გავითვალისწინებთ ამ კუთხით მსოფლიო მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თავისებურებებს.

,,იცვლება ეკონომიკური ვითარება, ეკონომიკა დინამიური ხდება და დგება ახალი ამოცანები. ჩვენი ახალი  ამოცანაა - არა მხოლოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, არამედ ამ ზრდის გადართვა სიღარიბის დაძლევაში, ამ ზრდის  თითოეულ ოჯახში მიტანა. ეს არის ზრდა, რომელშიც ყველა ჩართულია და მას ყველა გრძნობს, მაგრამ მთავარია, რა ტემპებით, რა ტაქტიკით, როგორ მივაღწევთ ამ შედეგს. ეკონომიკის სამინისტრო ძალიან კომპლექსური სამინისტროა, სადაც ბევრი დარგი, ქვედარგი, მიმართულება არის თავმოყრილი და თითოეულ დარგში არსებობს სტრატეგია. ჩვენი მთავარი ამოცანა - ეს არის მართლაც ახალი ტემპი, ახალი დინამიკა, ახალი დრაივი - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა[4].

      ჩვენს ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით საინტერესოა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადება: ,,ჩვენი მთავრობის მწვანე პოლიტიკა, როგორც იდეოლოგია ისევ და ისევ ადამიანის სიცოცხლესა და კეთილდღეობაზეა დაფუძნებული, რამდენადაც გარემოს დაცვის ხარისხი და ბუნებრივი რესურსების  რაციონალური გამოყენება მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან... ჩვენ ამ გზაზე უნდა გვქონდეს ორი პრიორიტეტი: პირველი - აღმოვფხვრათ ის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დღეს გვერგო და მეორე - გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის  უნიკალური სიმდიდრე და უახლოეს წლებში მივიღოთ ისეთი შედეგები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მწვანე ეკონომიკის მქონე ქვეყნის პოზიციონირებას... ეს არის ცხოვრების ახალი წესი, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით და ვუვლით გარემოს, ამავე დროს, ვაგროვებთ ცოდნას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და შედეგად ვიღებთ სუფთა ჰაერს, სუფთა წყალს, ხარისხიან საკვებს. საბოლოო ჯამში კი - ჯანსაღ გარემოს და ძლიერ კონკურენტუნარიან ეკონომიკას“[5].

პრემიერ-მინისტრის განცხადებით მწვანე ეკონომიკის  ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იქნება სოფლის მეურნეობა. საქართველო გახდება ძალიან მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა. ამ მიმართულებით მოხდება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. კერძოდ,  ნატურალური პროდუქტების გარკვეული ჯგუფი გათავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან.  საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადი იქნება სოფლის მეურნეობაში. აქცენტი გაკეთდება სწორედ ბიოლოგიურად სუფთა, ეკოლოგიური პროდუქტის წარმოებაზე. ეს იმას ნიშნავს რომ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია იქნება უფრი კონკურენტუნარიანი და ჩვენ შევძლებთ ავითვისოთ ის უნიკალური საშუალება, რასაც გვაძლევს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან.

      მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში უნდა გვქონდეს სწორი ხედვა და შემუშავებული გვქონდეს სტრატეგია, რომელიც ერთნაირად სავალდებულო იქნება, როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე. ევროკავშირისკენ სწრაფვა გვავალდებულებს, მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს და შევიტანოთ კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი კონცეფციის განხორციელებას. კერძოდ, უნდა გადაიდგას უფრი მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები ჰაერის, ნიადაგისა და წყლის  დაბინძურების პრევენციის, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის განვითარების თვალსაზრისით. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ურბანულ ქალაქებში, სადაც სამრეწველო ობიექტების და ტრანსპორტის გამონაბოლქვი აბინძურებს ჰაერს. საჭიროა შეიქმნას ატმოსფერული ჰაერის დაცვის ეფექტიანი პროგრამები ურბანული ქალაქებისთვის, რომელიც თითოეულ სახელმწიფო უწყებას და კერძო სექტორს განუსაზღვრავს კონკრეტულ ვალდებულებებს და მისცემს რეკომენდაციებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით იგეგმება ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვა, რაც საშუალებას მოგვცემს ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით. ქვეყანაში უკვე არსებული თანამედროვე ავტომატური მონიტორინგის ქსელი საშუალებას იძლევა სწორედ ევროპული სტანდარტით მოხდეს ჰაერის ხარისხის შეფასება. მნიშვნელოვანია, რომ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პარალელურად განვითარდება ვებპორტალი, სადაც მოქალაქეებს მუდმივ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ინფორმაციის მიღება კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით. საჭიროა ძალიან ეფექტური კომუნიკაცია, პიდაპირი კავშირი და უკუკავშირი ჩვენს საზოგადოებასთან, რომ ერთობლივი ძალებით ოპერატიულად და ეფექტურად ვიმოქმედოთ ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის დროს.

 მწვანე ეკონომიკის განვითარების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი მწვანე რეკრეაციული სივრცეების შექმნას ქალაქებში, ასევე არსებულის მოვლას და განახლებას. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ  ინვესტიციები ჩაიდება დაცული ტერიტორიების და ყველა ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური ეკოსისტემების განვითარებაში და, რაც მთავარია, ტყის სარეკრეაციო და ტურისტული მიზნებისთვის განვითარება იქნება ამ სექტორში სახელმწიფოს აბსოლუტური პრიორიტეტი.

     თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არის კლიმატური ცვლილებები და ამ ფონზე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში ტყის რესურსის მოვლის თვალსაზრისით. ბევრი რეგიონი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. ტყე არის საქართველოს სიმდიდრე და მას განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, მაგრამ დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა, ძალიან რთულია სხვადასხვა მიმართულებით ტყის გამოყენებაზე რადიკალური უარის თქმა. საინტერესო ინიციატივა აქვს სახელმწიფოს ტყის საფარის გადარჩენის მიმართულებით. კერძოდ, იგეგმება საქართველოში იმპორტული ხე-ტყის შემოტანა, აიკრძალება მორების და ფიცრების გატანა ჩვენი ტერიტორიიდან, ადგილზე შეიქმნება სამუშაო ადგილები და განვითარდება მაღალი ღირებულების მქონე სექტორები. ამასთან, ტყის მართვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დასაქმებული, რაც ხელს შეუწყობს სტაბილური შემოსავლით მათ  უზრუნველყოფას და სიღარიბის დონის შემცირებას.

    21-ე საუკუნეში სწორედ მწვანე ეკონომიკას აქვს ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის  მოტანის საშუალება. ჩვენი მცირე ეკონომიკისთვის ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა, მაგრამ მისი გამოყენებისთვის აუცილებელია ვიყოთ პრინციპულები და თანმიმდევრულები. ამ რეფორმის შედეგად საქართველოში შეიქმნება სრულიად უნიკალური გარემო. ეს კაპიტალიზაცია შეეხება ნებისმიერ მიმართულებას. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უძრავი ქონების ფასი უფრო მაღალი იქნება, რაც გაზრდის იმ კატეგორიის მოსახლეობის შემოსავალს, რომლებიც ფლობენ მიწის ნაკვეთებს, ბინებს და კერძო სახლებს.

 ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ ,,მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (EAP GREEN)  და მისმა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP)  სადემონსტრაციო კომპონენტმა საქართველოს აღმოუჩინა მნიშვნელოვანი მხარდამჭერა მწვანე ეკონომიკური განვითარებისაკენ სვლაში. RECP პროექტმა ქართულ   სამრეწველო  საწარმოებში მოახდინა იმ პრაქტიკული გზების დემონსტრირება, რომლებიც აუმჯობესებს წარმოებაში რესურსების გამოყენების პროდუქტიულობას, ამცირებს გარემოზე უარყოფით ზეგავლენას და მოაქვს ეკონომიკური სარგებელი. რესურსეფექტური და სუფთ წარმოების ფართო დანერგვის მიზნით შემუშავებულმა პროექტმა ხელი შეუწყო ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებას, რესურსეფექტური ტექნოლოგიების გადაცემას და შესაბამისი ინვესტიციების მხარდაჭერას, რაც წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას მცირე და საშუალო საწარმოებისათვის მწვანე და კონკურენტუნარიანი წარმოების მისაღწევად[6].

    ამრიგად, მწვანე და სოციალურად ინკლუზიურ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საჭიროა ყოვლისმომცველი, პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკური მიდგომა. გათვალისწინებული უნდა იყოს რეგიონის სპეციფიკა და სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევები, სოციალური ჩართულობის შესაძლებლობები, რაც უზრუნველყოფს ღირსეული შედეგის დადგომას. სიღარიბის დაძლევის მიმართულებით კომპლექსური მიდგომა გვჭირდება, მწვანე ინვესტიციების მოზიდვის კვალდაკვალ უნდა მოვახდინოთ დასაქმების მსურველთა გადამზადება, მათთვის იმ უნარ-ჩვევების შეძენა და განვითარება, რომელიც დაეხმარება მათ დაკისრებული მოვალეობის კვალიფიციურად შესრულებაში, საჭიროა საგადასახადო კუთხით რეფორმების გატარება, რომლებიც წაახალისებს  მწვანე პროდუქტის შემქმნელ ბიზნესის წარმომადგენლებს და გაზრდის ენერგოეფექტური, ინფრასტრუქტურული, გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარებისთვის საზოგადოების მხარდაჭერას. მწვანე ეკონომიკა  დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, შეამცირებს უმუშევრობის დონეს და შესაბამისად სიღარიბის დონეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამოწვევაა.    UNEP/LAW ანგარიშში - ,, მწვანე ეკონომიკის წარმატებული მუშაობა და სოციალური ჩართულობა მდგრადი განვითარების მიმართულებით’’ - მითითებულია, რომ მწვანე ეკონომიკას უდიდესი პოტენციალი გააჩნია სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ამ გზაზე აუცილებელია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იმ მრავალფეროვანი შესაძლებლობების სრულად ათვისებისთვის, რაც მწვანე ეკონომიკის განვითარების თანმდევია ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულებით.

გამოყენებული ლიტერატურა 

1.http://www.unep.org/pdf/GreenEconomy_SuccessStories.pdf

2. http://greeneconomics.org.uk

3. http://www.inderscience.com/ijge

4. UNEP, Towards  a  Green Economy, Pathways to Sustainable Development and Poverty Eradication, A Synthesis for Policy Makers

5. http://eiec.gov.ge

6. http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=520&info_id=71727 პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი კონცეფცია -,,მწვანე ეკონომიკა“

7. infosheet_green_economy_green_jobs_report_-_unep_ilo_july

8. http://mastsavlebeli.ge

9.Green%20economy/s

10. Erica Novianti Lukas, M.A. ,Green Economy for Sustainable Development and Poverty Eradication

11. Poverty eradication through Green Jobs in a Green Economy, Information note | June 2012

12. http://www.economy.ge

13. http://szs.gov.ge

14. https://limun.org.uk/FCKfiles/File/2016_UNEP_Guide_A.pdf, Eradicating Poverty through an Inclusive Green Economy

15. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/38/dasakmeba-da-umushevroba



[1] Erica Novianti Lukas, M.A. ,Green Economy for Sustainable Development and Poverty Eradication.

[2] Green Economy – the Next Oxymoron?

[5] gov.ge , პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი კონცეფცია -,,მწვანე ეკონომიკა“

[6] ecp.ge/wp-content/uploads/2018/01/Green-economy-newsletter-GE-1.pdf